«სადაურსა სად წაიყვან...»


      დიახ, ფერეიდანი, სევდითა და ტკივილით სავსე ფერეიდანი...
      თქვენი საიტის მისამართი თორნიკე ფანიაშვილმა მომიტანა. ჯერ გამიხარდა, მერე თვალები ამიცრემლდა, მერე ისევ სიხარულმა შემიპყრო, ჩემი მონატრებული ფერეიდნელი მეგობრების სახელებსა და სახეებს რომ შევეფეთე. ჯერ დიდი მადლობა ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის სახელით, მერე კი უდიდესი მოწიწება ამ წმინდა ხალხისადმი ერთგულებისათვის.
      გასულ წელს თავად ვიყავი ფერეიდანში ჩემს ფერეიდნელ სტუდენტებთან ერთად, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენას ვასწავლიდი, უფრო სწორად, ერთმანეთს ვასწავლიდით. თქვენს მიერ მოხსენიებული თითოეული სახელი, ყოველი ოჯახი საოცრად საყვარელი და ახლობელია ჩემთვის, ყოველი მათგანის ოჯახში გამითევია ღამე და მათთან ერთად მიტირია... ხან სიხარულით, ხანაც ტკივილით...
      შარშანვე, სექტემბერში ფერეიდნელთა ათკაციანი ჯგუფი სტუმრად გვეწვია... ნოემბერში კი ჩემს ქორწილში ჩამოვიდნენ ჩვენი თანაფესვები. ზაფხულში მე და ჩემი მეუღლე ფერეიდანში გამგზავრებას ვგეგმავთ, თითქმის ყოველდღე გვირეკავენ ირანიდან და გვახსენებენ...
      თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია მოგაწოდოთ უამრავი ფოტო, გადაღებული ფერეიდანში... ასევე რეზა დავითაშვილის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია, რომელიც სულ რამდენიმე ხელნაწერი გვერდია, მაგრამ საოცარი სიტყვებით არის დაწერილი.

ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით ხათუნა გალდავა


PAGE 1
PAGE 2
PAGE 3
PAGE 4