უცნაური მუქარა


      დავითაშვილების ოჯახში ყველაფერი ქართული სუნით და ტრადიციებით არის გაჟღენთილი, მაგრამ ყველაზე ლამაზი და საოცარი მოვლენა ოჯახის პატარა 5-6 წლის შვილიშვილი ლიანა-ხანუმი იყო. იგი ამ ოჯახში ყოფნისას არ მომცილებია და ბავშვური გულუბრყვილობით სავსე შეკითხვებს მაძლევდა საქართველოზე. ჩვენთან, აქ, ამ საქართველოში, როგორც წესი, მშობლები პატარებს სჯიან ან ემუქრებიან იმით, რომ აღარ უყიდიან სათამაშოს ან რაღაც ამდაგვარს. როცა ლიანა-ხანუმის მამამ ჩათვალა, რომ მისი პატარა ქალიშვილი ცელქობდა, ჩუმად უთხრა: ლიან, და დეგ, თორემ საქართველოჩი აღარ გაგიყვანო. ერთი გენახათ, ლიანას ატირებული თვალები, როცა ეს მოისმინა. მერე მე მემუდარებოდა, შენ გამიყვანე საქართველოჩიო.…



უცნაური მუქარის ავტორი და ობიექტი

მიწაზე დაღვრილი წყალი

      როცა ფერეიდუნშაჰრიდან ისპაჰანს მივდიოდით, ვახომ მითხრა, ჩვენ, ფერეიდნელი ქართველები მიწაზე დაღვრილი წყალივითა ვართ, ჩვენი ადგილი არც სამშობლოშია ახლა და ვერც ირანში გავიხარებთო... მაშინ ბევრი ვიკამათეთ. უნდილაძის ხიდზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამაზე... «მიწაზე დაღვრილი წყალი»...
      არადა ასეთი «მიწაზე დაღვრილი წყლით» დიდი საქმეები კეთდება ზოგჯერ. როცა ოთხასწელგამოვლილ ქართულ ენას უსმენ, ხვდები რომ ამგვარი წყლით იკვება და ისაზრდოა ქართულმა ენამ: «საქართველოს ენას ფასი მე ვიცი, იმისთი ეგ ენას შამნახველი ვარო»


ანქით მოსული

      ალი-რეზა ასლანთან ოჯახში სტუმრად მიმიყვანა ვახტანგმა. სპარსულ ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარს თვალებმოჭუტულმა ალი-რეზამ მკითხა: «ანქ უფრო ნამაია, თუ ინქა?» ესე იგი, აქ უფრო კარგია, თუ იქო. ბუნებრივია მაშინვე ვუპასუხე, იქ-მეთქი. შუბლი შეიჭმუხნა მასპინძელმა, თავისთვის ჩაილაპარაკა რაღაც. შევატყვე არ ესიამოვნა ჩემი პასუხი. ვახოზე გავბრაზდი. სად მომიყვანა, ეს არის პატრიოტი ფერეიდნელი ქართველი-მეთქი. კითხვა გამიმეორა მასპინძელმა. საქართველოჩი უფრო ნამაია-მეთქი, არ შევიცვალე პოზიცია. შეკრული შუბლი გახსნა ალი-რეზამ, ამჯერად კმაყოფილი დარჩა პასუხით. გვიან, საუბარში გავარკვიე, რომ «ანქ» ანუ «აქ» საქართველო იყო, «ინქ» ანუ «იქ» კი ირანი. მაშინღა მივხვდი მასპინძლის შეშფოთების მიზეზს და გულით გავიხარე. გამახარა იმის შეგრძნებამ, რომ საქართველოსგან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაცილებული, ირანში მცხოვრები ქართველისათვის საქართველო უფრო ახლოს, «ანქ» იყო, ირანი კი «ინქ». ამის შემდეგ აღარ მიკვირდა, რომ მე ანქით მოსული, ანქაური ვიყავი.


«მარად და ყველგან...»

      ფერეიდანი საოცრად ჰგავს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ხრიოკი მთებია და ხალხიც ერთი შეხედვით სპარსულ ყაიდაზეა გამოწყობილი. კანონი ყველას, ჩასულს, სტუმარსა თუ მასპინძელს ავალდებულებს იქაურ ყაიდაზე იყოს ჩაცმული.
      აქ ყველაფერი განსხვავებულია, ძალიან ლამაზია, დახატული და ნამაია, მაგრამ საქართველო მაინც სულ სხვაა.
      ქართული სული ზოგჯერ ძალიან იგრძნობა, ზოგჯერ პირიქით. ბუნებრივიცაა! ირანის დიდმა იმპერიამ შთანთქა თითქმის მთელი სასიცოცხლო ენერგია. ერთადერთი ქართულ გენს ვერაფერი დააკლო.
      მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეჩვეული ვიყავი და ყურიცა და ენაც საკმაოდ მქონდა გაწაფული, მაინც გამიჭირდა თავიდან ფერეიდნელთა მეტყველების გაგება და ვერც ვაგებინებდი. რამდენიმე დღეში კი სპარსული ფრაზებიც კი ავითვისე... საოცარია, აქ, ამ მიკარგულ ადგილას არც ტექნიკის ნაკლებობა იგრძნობა და არც საყოფაცხოვრებო პირობების არქონა. ყველაფერი ისეა, როგორც დედაქალაქ თეირანში.


ჩონ ყონაღ იყავ!

      უამრავ ქართულ ოჯახს ვესტუმრე. ფეხმორთხმით საჭმლის ჭამაც ვისწავლე და იქაურ შარბათსა და დოსაც გავუგე გემო. «ჭამე, რასთი აგრე ბაითას შასჭამ», მესმოდა ყველგან.



სტუმრად საიდ მულიანთან

      თორნიკეს ოჯახის წევრები თავს მევლებოდნენ. ფანიაშვილების ოჯახის ოთხი ქალიშვილი მაკა, ქეთია, ნათია და ნინო საკუთარი დებივით შევიყვარე. ცოტა ხნის წინ თორნიკეს დედამ საქართველოში დამირეკა, «რას იქ, იგეთი გულის თანგი მაქდა რო წახველო...» ლამის იყო ვიტირე.

თორნიკე ფანიაშვილი (თოკო)
თოკოს მამა
ხათუნა გალდავა და თოკოს დისშვილი

      ქუჩებში სიარულისას ჭიშკრებთან ჩადრშემოხვეული ქართველი ქალები მხვდებოდნენ, სახლში მიწვევდნენ, ჩონ ყონაღ იყავო. ურეკავდნენ ვახტანგსა და თორნიკეს, ხათუნა დაგვიყონაღეო. ახლაც მტკივა გული, რომ ბევრთან შესვლაც ვერ მოვახერხე. პირობა მივეცი, გერინ მოვალ და ჰათმან გინახულებთ-მეთქი.
      სექტემბრის დასაწყისში ფერეიდნელ ქართველთა ათკაციანი ჯგუფი გვესტუმრა. მათგან მხოლოდ ორს: ქეთი ფანიაშვილს, თორნიკეს დას და დათო დავითაშვილს, რეზო დავითაშვილის ვაჟს ვიცნობდი. ისინი ახლადდაქორწინებულები იყვნენ და საქორწინო მოგზაურობით სამშობლოს ესტუმრნენ. დანარჩენებმა რბილად მისაყვედურეს, სოფელჩი რომ იყავ, ჩონსა რად არ მოხოლო…



დავით დავითაშვილი და ხათუნა გალდავა

რას იქ, ნამა ხარ?

      ეს სიტყვები პირველად გოგიჩაშვილების ოჯახში, ჯერ კიდევ თეირანში ყოფნისას მითხრეს. დავიბენი. თორნიკემ და ვახომ მაშინვე შემომაშველეს «თარგმანი»: კარგად ხარო? მაშინ გავიგე რომ «ნამა» კარგს ნიშნავდა და როცა შემდეგ მეუბნებოდნენ, ნამა ყორი ხარო, ღიმილით ვპასუხობდი: თაშაქო! თორნიკეს ბიძაშვილმა შემისწორა, თაშაქო კი არა, მადლობა თქვიო...
      ირანში ყოფნისას გიორგი, ჩემი საქმრო, დღეში რამდენიმეჯერ მირეკავდა. თორნიკეს ოჯახის წევრები იმდენად მიეჩვივნენ გიორგის ზარებს, უკვე ტელეფონის წკრიალზე ცნობდნენ, რომ საქართველოდან რეკავდნენ. ერთხელაც, იაზდონშაჰრიდან დაბრუნებულს, შეფიქრიანებულ-შეწუხებული დამიხვდნენ თორნიკეს ოჯახის წევრები. გიორგის დაურეკავს თურმე. ქეთიამ მითხრა. ვკითხე, ნამა ხარ-მეთქი და არაო, მითხრა, ალბათ უშენობას დარდობს და ცუდადაც იმიტომ არისო. გამეცინა. მაშინვე მივხვდი გიორგის ნამა არყოფნის მიზეზს. მან ხომ არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. ასეც აღმოჩნდა. გიორგიმ ქეთიას შეკითხვა სხაგვარად აღიქვა და კითხვას «ნამა ხარ?», უპასუხა, არა ნამა არა ვარ, გიორგი ვარო.




      ახლა, როცა მონატრებული ფერეიდნელები ირანიდან გვირეკავენ ხოლმე, გიორგი პირველი კითხულობს: რას იქთ, ნამა ხართ?


დასთე დარდ ნაქონე

      ფერეიდნელები განსაკუთრებული ზრდილობითა და ურთიერთპატივისცემით გამოირჩევიან. ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ მადლობას მრავალნაირად ამბობენ. ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ერთმა სპარსულმა ფრაზამ მიიპყრო: დასთე დარდ ნაქონე! ამით ადამიანს მეტწილად მაშინ უხდიან მადლობას, როცა შენთვის ირჯება. ამ ფრაზის ზუსტი თარგმანი როცა გავიგე, მაშინვე განვაცხადე, ეს ირანელებს უეჭველად ქართველებმა ასწავლეს-მეთქი. ეს ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნება: ხელი არ გეტკინოს! მაშინვე ქართული «შეგრჩეს მარჯვენა» გამახსენდა.
      ვინ იცის!


ოთხი ხელი

      ირანში ერთი ზურგჩანთით წავედი, უკან - არც კი ვიცი რამდენით. ყველა ცდილობდა რაღაც მისეული მოეცა ჩემთვის. საქართველოში დაბრუნება მარტოს მიწევდა, ამიტომაც ვახო ბრაზობდა, საზღვარზე როგორ უნდა გადაიტანო ამდენი რამ, ვინ დაგეხმარებაო. ბევრი რამ იქვე დავტოვე. ალი-ასლანის ვაჟები ჯამშიდი და ფერეიდუნა მთელი დღე გულმოდგინედ ალაგებდნენ ჩანთებში ჩემს საჩუქრებს, თან ხუმრობით მამუნათებდნენ, ანქით კიდევ გამოგეყვანა ვინმე, ოთხი ხელით უფრო მეტს წაიღებდი და ჩვენც გავიხარებდით, ანქაურს რო დავინახავდითო.
      მათთვის ხომ ყოველი აქედან ჩასული ადამიანი წყვდიადში გაელვებული მზის სხივივითაა.


ცრემლი და ნათელი

      ფერეიდანი ღამით დავტოვე. უამრავმა ადამიანმა გამომაცილა. ხანდაზმულებმა პირობა ჩამომართვეს, რომ კვლავ დავბრუნდებოდი, ამჯერად გიორგისთან ერთად. ახალგაზრდებს თავად ჩამოვართვი პირობა, რომ საქართველოში მეწვეოდნენ.



      გადავიღეთ უამრავი სურათი. იყო ცრემლები, სამწუხაროდ არა ქართულ მანდილზე, არამედ ჩადრზე დაღვრილი, მაინც ქართული, სუფთა და ნათელი...


ხათუნა გალდავა             


PAGE 1
PAGE 2
PAGE 3
PAGE 4